„ყალბი პირადობით ხარ“? - დაპირისპირება ზუგდიდში
სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერსა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ანა წითლიძეს შორის.
ინციდენტი მოხდა მე-9 უბანთან.
ანა წითლიძე ამბობდა, რომ გიორგი ჯიქიას, - რომელიც წინა არჩევნებზეც იყო დამკვირვებელი, - სხვა ადამიანის სამკერდე ნიშანი ეკეთა.
წითლიძის თქმით, მისი ინფორმაციით, „ეს ადამიანი შემჩნეულია ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში“, - რასაც იგი უარყოფს.
„ჩემი გვარი იცი“? - ჰკითხა მან წითლიძეს. „აი, ამას დააკვირდი ერთი წუთით“, - აჩვენა მან წითლიძეს პირადობის მოწმობა. მოწმობაში „გიორგი წულაია“ წერია.
„გიორგი ჯიქია ხარ, მთელი ზუგდიდი გიცნობს. გვარი შეიცვალე? თუ ყალბი პირადობით ხარ?“ - უთხრა წითლიძემ.
„მერე რა არის, გოგო?! თუ გინდა იმას დავირქმევ, გვარს, რასაც მინდა“, - უპასუხა მან.
სამკერდე ნიშანზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, „ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტს“.
„ამ დროს ის არის „ქართული ოცნების“ ზონდერი“, - თქვა წითლიძემ. ჯიქიამ მას „საქართველოს სირცხვილი“ უწოდა.
„ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტს“ წლევანდელ არჩევნებზე, ცესკოს ინფორმაციის თანახმად, 1364 დამკვირვებელი ჰყავს.
ორგანიზაციის დირექტორი არის დიმა ქარჩავა.
სამეწარმეო რეესტრის ცნობით, „ინსტიტუტის“ იურიდიული მისამართი სენაკის სოფელი თეკლათია.
მინდა, არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული - გახარია
დილის საათებში მისცა ხმა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამაც, - ის პარტიის, „საქართველოსთვის“, საარჩევნო სიის პირველი ნომერია.
„დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ დარჩეს არავინ დამარცხებული; რომ შევძლოთ, ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებებზე, რომ არ იყოს შურისძიება და ყველა მხარე შეთანხმდეს, რომ თავისუფალი არჩევნები არის გამოსავალი ყველა მხარისთვის“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
მან ყველას მოუწოდა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.
„ოცნების“ წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში დახია საჩივარი - ტვ პირველი
დაძაბულობა იყო ქუთაისში, 59-ე ოლქის 64-ე უბანზე.
ტელეკომპანია პირველის რეპორტიორს, გვანცა ჩხიკვაძეს სიტყვერად დაუპირისპირდა ერთ-ერთი დამკვირვებელი, მარიამ გრძელიძე, - რეპორტიორის ცნობით, ის „ქართული ოცნების“ დამკვირვებელია.
პირდაპირ ეთერში რეპორტიორი მაყურებელს აჩვენებდა, მისი თქმით, საჩივარს, რომელიც გრძელიძის წინააღმდეგ დაწერა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დამკვირვებელმა, რა დროსაც გრძელიძემ საჩივარი წაართვა, დაკეცა და დახია.
ჟურნალისტებმა ის პირადობის მოწმობების „ჩამორთმევაში“ დაადანაშაულა, რაც გრძელიძემ უარყო: „რას მაბრალებ?! ფაქტი დამიდე ახლავე. მაბრალებთ ისეთ რამეს, რაშიც მონაწილე არა ვარ“!
„პროვოკატორები ხართ, ხალხნო... ქვეყნის მტრებო... თავი დამანებეთ, მკვლელები ხართ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.
კომისიის თავმჯდომარემ, ეკატერინე შავგულიძე თქვა, რომ გრძელიძე უბნიდან გააძევა.
„პროცესი მიდი მშვიდად, წყნარად... საჩივარი ამ ქალბატონმა რომ დაწერა, უნდა მოსულიყო ჩემთან. ეთქვა, აი, საჩივარს ვწერ“... - თქვა თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საოლქო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ დააზუსტებს, როგორი რეაგირება ექნება ამ ამბავზე.
„მცირედი ხარვეზების შემდეგ, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს“ - ცესკო
ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ზოგიერთ უბანზე „მცირედი ტექნიკური ხარვეზები“ დაფიქსირდა, თუმცა ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივი რეაგირება“ ჰქონდა.
„პროცესი ახლა მშვიდო გარემოში მიმდინარეობს. ყველა უბანი ამ დროისთვის იღებს ამომრჩევლებს და მიმდინარეობს კენჭისყრა“, - თქვა იოსელიანმა.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები:
- 12 - პენიტენციურ დაწესებულებებში,
- 1 - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.
ფორუმი