პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ საზოგადოებას ხვალინდელ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდებს და მათ ეუბნება, რომ მათ "ვერავინ ვერაფერს დააძალებს".
"ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება, როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.
მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!”, - მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩეველს".
სალომე ზურაბიშვილი, ასევე მადლობას უხდის მოქალაქეებს, ემიგრანტებს, მათ ვინც "იბრძოლა" და ხმის მიცემის უფლება მიიღო.
"მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს - ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს...და მათი ხმა ხვალ გაისმება.
მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.
მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი