ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატია, ფიქრობს, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფაშისტია.
23 ოქტომბერს, საღამოს ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ჰარისმა დადებითი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა ტრამპს ფაშისტად. კამალა ჰარისის განცხადებით, ამომრჩევლები არ არიან ვალდებული, მას დაუჯერონ, მაგრამ შეუძლიათ ენდონ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდის მაღალჩინოსნებს, რომლებიც მას ფაშისტს უწოდებენ. მათ შორის არიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ მილი და თეთრი სახლის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ კელი.
ამ კვირაში გამოცემა The New York Times-მა გამოაქვეყნა ჯონ კელის კომენტარი, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტის საერთო განსაზღვრებას შეესაბამება და პირად საუბრებში ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერმა ზოგიერთი კარგი რამ გააკეთა.
CNN-ის ეთერში კამალა ჰარისის გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ამხანაგი“ კამალა ჰარისი ხედავს, რომ მარცხდება, ამიტომ რიტორიკას სულ უფრო აძლიერებს და იქამდეც მიდის, რომ ადოლფ ჰიტლერს უწოდებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
ფორუმი