უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმის“ გარდა, რომელიც მან ადრე წარუდგინა დასავლელ პარტნიორებს, კიდევ ერთ გეგმას ამზადებს. როგორც BBC იტყობინება, ამჯერად ის თავად უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
ბრიტანული მაუწყებლის უკრაინული სამსახურის თანახმად, ზელენსკიმ გასცა განკარგულება, შემუშავდეს ე.წ. მოქმედების საშინაო გეგმა. ეს გეგმა ქვეყანას უნდა დაეხმაროს ომის პირობებში გაძლებაში. ვარაუდობენ, რომ გეგმას წლის ბოლომდე წარმოადგენენ.
ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც შეეხება საშინაო გადაწყვეტილებებს მრავალ სფეროში. ესაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვა, ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა და სხვ.
ზელენსკის ჩანაფიქრით, სამოქმედო გეგმა გაითვალისწინებს ნაბიჯებს, რომლებიც თავად უკრაინამ უნდა გადადგას რუსეთთან ომის პირობებში.
„მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა შევინარჩუნოთ ერთობა და მივაღწიოთ შედეგებს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სფეროში,“ განუხადა BBC-ს წყარომ ზელენსკის გუნდიდან.
ფორუმი