რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი დოლარის პაკეტს.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, 21 ოქტომბერს კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გამოაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
ოსტინი კიევში დღეს დილით, პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. მისი განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად.
პენტაგონის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
ლოიდ ოსტინი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრია 2021 წლის იანვრიდან. ამ პერიოდში ის უკრაინას უკვე მეოთხედ ესტუმრა.
2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. ერთმანეთს დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.
ფორუმი