Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზიანებული სახლები და მეწყერი სოფლებში - სამეგრელოს ნაწილი სტიქიამ დააზარალა


სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სტიქიის შედეგები სამეგრელოში

ოთხდღიანმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილს, მეტწილად კი ფოთს, ჩხოროწყუსა და ზუგდიდს, პრობლემები შეუქმნა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ფოთი, სადაც დღეს, 21 ოქტომბერს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ამ დაწესებულებების ეზოების და მისასვლელი გზების დატბორვაა.

სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სტიქიის შედეგები სამეგრელოში

როგორც მერიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, სასწავლო პროცესი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე აღდგება.

21 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 300-მდე სახლია დაზიანებული. აქედან ნაწილს ქარმა სახურავი გადახადა, ნაწილში კი პირველი სართულები დაიტბორა.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფები აღწერენ ზარალის ოდენობას: „ადეკვატურად სწრაფად იქნება შესაბამისი კომპენსაციები გაცემული. იქ, სადაც სახურავის პრობლემა გვაქვს, შესაბამისი სამსახურები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. თუკი არის ისეთი სიტუაცია, სადაც ოჯახი ვერ ჩერდება, ვთავაზობთ ქირით გადაყვანას“.

სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სტიქიის შედეგები სამეგრელოში

გადაუღებელი წვიმის გამო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც ჩამორეცხილია შიდასაუბნო გზები, დატბორილია ეზოები და დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, სოფელ სარაქონში და ლეწურწუმეში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა. შედეგად სოფელში საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაციაც.

„ოჯახი გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას. ამ წუთებში მეწყრულ ზონაში მონიტორინგი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს მეწყრული პროცესი სხვადასხვა სოფლებში, რამდენიმე ადგილას არის... ზოგიერთი ადგილიდან ჩვენ მოსახლეობა მანამდე, დაახლოებით 3 წლის წინ, გავხიზნეთ. მათ სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადა. დღეს ამ ერთ ოჯახსაც განცხადება დავაწერინეთ, მოვითხოვეთ ადგილზე გეოლოგების ჩამოსვლა. გეოლოგებიც უკვე დადებენ დასკვნასაც. მანამდე ეს ოჯახი იქნება უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძლიერმა წვიმამ ძირითადად ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა პრობლემები. აქ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.

მერიის ინფორმაციის თანახმად, უხვმა ნალექმა მდინარეების მნიშვნელოვანი ადიდება, სანიაღვრე არხების გადავსება და წყალმოვარდნები გამოიწვია. ანაკლიის სამელიორაციო არხმა ვერ უზრუნველყო ჭარბი ნაკადის გატარება, რამაც შექმნა მოსახლეობის დატბორვის საფრთხე. თუმცა, როგორც მერიაში ირწმუნებიან, გაიჭრა ახალი, დამატებითი არხი, არსებული გაფართოვდა და საფრთხეც მოიხსნა.

სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სტიქიის შედეგები სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაიტბორა სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებშიც.

სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სტიქიის შედეგები სამეგრელოში

ოთხი დღეა სამეგრელოში წვიმს და ზოგან ქრის ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში გამოდარებას 22 ოქტომბრიდან მოელიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG