Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონმა იერიში მიიტანა ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე


ისრაელის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ გზას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად, რომელზეც დრონის იერიშის მცდელობა განხორციელდა. კესარია, 19 ოქტომბერი, 2024.
ისრაელის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ გზას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად, რომელზეც დრონის იერიშის მცდელობა განხორციელდა. კესარია, 19 ოქტომბერი, 2024.

შაბათს უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლისკენ, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში, სანაპირო ქალაქ კესარიაში, მდებარეობს. პოლიტიკოსი არ იმყოფებოდა მასში, არავინ დაშავებულა, იტყობინება მთავრობის ხელმძღვანელის პრესსამსახური.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დრონი ლიბანიდან გაუშვეს და ის შენობას დაეჯახა. მაგრამ დეტალები არ გავრცელებულა. სამხედროებმა მხოლოდ აღნიშნეს, რომ მოხერხდა კიდევ ორი უპილოტო საფრენი აპარატის დაჭერა, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია გადაკვეთა. პოლიციის ცნობით, კესარიაში აფეთქებების ხმა ისმოდა.

დრონის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისრაელის ტერიტორია ლიბანიდან თითქმის ყოველდღიურად იბომბება დაჯგუფება ჰეზბოლას ძალების მიერ. ეს პროირანული შიიტური ორგანიზაცია ტერორისტულად არის აღიარებული შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი სამხედრო ფრთა - ევროკავშირში. ლიბანში ის მოქმედებს როგორც ლეგალური პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში. ისრაელის არმია ამჟამად სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს ჰეზბოლას წინააღმდეგ.

ირანის ხელისუფლებამ ამ კვირაში განაცხადა, რომ ჰამასი გააგრძელებს „ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ“ ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ. ის მოკლეს ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის მიერ ჩატარებული რეიდისას. სინვარი ისრაელში მიიჩნევა 2023 წლის 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთში ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG