მოლდოვის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამოავლინეს 100-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებმაც თითქოს რუსეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში გაიარეს დესტაბილიზაციის ტაქტიკაში სწავლება, გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის არჩევნების შემდგომი სავარაუდო არეულობების გეგმის ფარგლებში. ოთხი ახალგაზრდა დაკავებულია.
ილან შორი ჩართული იყო 2014 წლის მილიარდდოლარიან საბანკო თაღლითობაში. ახლა ის მოლდოვიდან გაქცეულია, დაბრუნების შემთხვევაში კი ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. 2023 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ მისი პარტიაც აკრძალა.
მოლდოვის პოლიციის ინსპექციის ხელმძღვანელმა ვიარელ ჩერნეუცანუმ 17 ოქტომბერს კიშინიოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციის, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურების მასშტაბური ჩხრეკის შედეგად წინა დღით ოთხი ადამიანი დააკავეს და მათ 30-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
მისი ინფორმაციით, 20 ოქტომბრის არჩევნებისა და რეფერენდუმის შემდეგ მოლდოვის რესპუბლიკაში „დესტაბილიზაციის“ განზრახვის გამოძიების ფარგლებში კიდევ 100-მდე ადამიანი იყო „დოკუმენტირებული“. რამდენიმე ახალგაზრდა გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
მოლდოვის პოლიციამ გამოაქვეყნა ფარული კამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც, მისი მტკიცებით, ასახავს წვრთნებს მოსკოვში, სერბეთში და ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.
ვიდეოში ჩანან ოთახში მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ იმიტირებულ საპროტესტო აქციაში და სკანდირებენ სხვადასხვა ლოზუნგს. კერძოდ, „ჩვენი ენა რუსულია“, „არა ორმაგ მოქალაქეობას“, “ჩვენ ევროპაში არ გვინდა“.
ბალკანეთის ერთ-ერთი ქვეყნის ბანაკში გადაღებულ ვიდეოში კი ნაჩვენებია, როგორ ასწავლიან ახალგაზრდებს ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას და უპილოტო საფრენი აპარატების მართვას.
ივნისის დასაწყისში, მოლდოვის ხელისუფლება და დასავლეთის რამდენიმე მთავრობა გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი და მოსკოვიდან გაქცეული ოლიგარქი ილან შორი მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავენ, თუ საპრეზიდენტო არჩევნები და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი კრემლისთვის არასასურველი შედეგით დასრულდებოდა.
აშშ-მა 16 ოქტომბერს გაიმეორა, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნების ჩაშლას, რაშიც მილიონობით დოლარს ხარჯავს.
17 ოქტომბერს კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრუ მუსტიაცმა განაცხადა, რომ ხელისუფლება „ვითარებას აკონტროლებს“ და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის რისკი ამჟამად „დაბალია“.
მოლდოვაში 20 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პოლიტიკაში წასვლამდე მსოფლიო ბანკში მუშაობდა, მეორე ვადით ეცდება თანამდებობაზე დარჩენას.
მაია სანდუს მთავრობა მკვეთრად პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. მოლდოვა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს და 2024 წლის დასაწყისში ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებიც დაიწყო.
მისი მთავარი კონკურენტი იქნება ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოღლო, რომელიც სოციალისტურმა პარტიამ ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ნაცვლად წარადგინა.
ფორუმი