Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქე „აგენტების რეესტრში“ მოხვედრის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს


დეა ერემაშვილი
დეა ერემაშვილი

დეა ერემაშვილმა „აგენტების რეესტრში“ მოხვედრის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. იგი ამბობს, რომ საჯარო რეესტრმა მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა.

„აგენტების კანონმა“ უცხოეთიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციები დაავალდებულა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირდნენ („აგენტების რეესტრში“). ისინი ვალდებული გახდნენ, ყველა დასაქმებულის პერსონალური მონაცემები, მათთან შეთანხმების გარეშე, მიაწოდონ იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრი კი ამ მონაცემებს ვებსაიტზე აქვეყნებს.

გასულ წელს დეა ერემაშვილი თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. ინფორმაცია მისი ანაზღაურებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ კი მასთან შეთანხმების გარეშეა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული.

„ხელფასი განსაკუთრებული სახის პერსონალური მონაცემებია და არ შეიძლება თანხმობის გარეშე მისი მესამე პირზე გაცემა“, - აღნიშნა დეა ერემაშვილმა რადიო თავისუფლებასთან.

მისი თქმით, საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ „აგენტების კანონი“ რიგით ადამიანებს არ შეეხებოდა, მისი უფლებები დაირღვა:

„რომ ამბობენ, ფიზიკურ პირებს არ ეხებაო - მე ვარ ადამიანი, რომელიც არ დავრეგისტრირდი „აგენტების რეესტრში“, მაგრამ აღმოვჩნდი მაინც“.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა და ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად მიიღო „აგენტების კანონი“. კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია, პარტნიორმა ქვეყნებმა კი საქართველოს მთავრობას დახმარების ნაწილი შეუჩერეს.

კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, პრეზიდენტმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 4 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მისი მოქმედება არ შეაჩერა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG