Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის წარმომადგენელს განმარტებებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იწვევენ


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განმარტებებისთვის იწვევენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს დღევანდელი, 16 ოქტომბრის, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება. ეს განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, რომლის თქმითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოწვევა დღევანდელი სხდომისთვისაც იყო გაგზავნილი.

პრეზიდენტის წარმომადგენელს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის 7 ოქტომბრის განცხადებაზე განმარტებებისთვის იწვევენ. პრეზიდენტი არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას გეგმავს.

„არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - თქვა პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. პარლამენტში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG