საუბარია თითოეული ქვეყნიდან 300 მგვტ ელექტროენერგიის მიწოდებაზე, იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი".
„დიახ, ჩვენ მივმართეთ ორ ქვეყანას, აზერბაიჯანს და ვთხოვეთ შესაძლო მოწოდება საქართველოს. ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ჩვენ ვითხოვეთ ორი მეზობელი ენერგოსისტემის შესაძლებლობები, რომ მიგვაწოდონ ავარიული რეჟიმების პერიოდში“, - თქვა ალექსანდრა პანინამ.
მისი სიტყვებით, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან კომპანიას პასუხი ჯერ არ მიუღია. რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა მიმდინარე შესაძლო მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
უწყებიდან რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. "ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება შესაბამისი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა?.
რუსეთის შემთხვევაში, ეს რეგულირდება "რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელი, საბჭოთა კავშირის დროს ისეა დაპროექტებული, რომ გულისხმობს საქართველოს ოპერირებას რუსეთის სინქრონულ რეჟიმში. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აქტიურად ახორციელებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისკენ მიმართულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების სხვა მრავალი ინიციატივა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას და შეამცირებს ერთ კონკრეტულ წყაროზე დამოკიდებულებას", - ნათქვამი ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.
ამასთან, კომპანია „ინტერ რაო“ შემოდგომაზე საქართველოში 300 მგვტ ელექტროენერგიის ექსპორტირებას აპირებს.
„სამწუხაროდ, სამხრეთში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, <...> ჩვენ არ ველით მიწოდების განსაკუთრებით დიდ მოცულობებს. მაგრამ ახლაც ვაწვდით საქართველოს. ჯერჯერობით მცირე მოცულობა გვაქვს, რაზეც შეთანხმებაა "სისტემის ოპერატორთან", ხოლო ოქტომბრის განმავლობაში გვექნება რეგულარული მიწოდება საქართველოში“, - განაცხადა მან.
"საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის" ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ "კავკასიონის" ელექტროგადამცემი ხაზით რუსეთიდან საქართველოს 47 მგვტ ელექტროენერგია მიეწოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში საქართველომ 864,9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა თურქეთს; 137,4 მლნ კვტ/სთ - სომხეთს; 40,1 მლნ კვტ/სთ - აზერბაიჯანს; მხოლოდ 1,2 მილიონი კვტ/სთ - რუსეთს.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთიდან იმპორტმა (იანვარ-მარტში) 417,6 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველომ აზერბაიჯანიდან 47,7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო.
მასალა განახლდა ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული პასუხით.
ფორუმი