ლიეტუვაში შეიძლება მთავრობა შეიცვალოს - ეს ჩანს საარჩევნო კომისიის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდან.
ხმების უმრავლესობა, 19,4%, სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს. ქრისტიან-დემოკრატების მმართველი კონსერვატიული პარტია პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზეა 18%-ით. მან გაასწრო პოპულისტურ „ნემუნო აუშრას“ (ნემანის განთიადი), რომელიც პირველად მონაწილეობდა არჩევნებში და რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 15%-მა დაუჭირა.
შიმონიტეს მხოლოდ ერთმა პარტნიორმა პარტიამ შეძლო 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. მათ გარდა, სეიმში ადგილებს დაიკავებენ კიდევ სამი პარტიის წარმომადგენლები. საარჩევნო აქტიურობა 52%-ით განისაზღვრა.
13 ივლისის კენჭისყრა პირველი იყო ორი ტურისგან შემდგარ არჩევნებზე: მან უნდა განსაზღვროს სეიმის 70 ადგილის მფლობელთა ვინაობა.
ორ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა და ის გამოავლენს დანარჩენი 71 მანდატის მფლობელებს.
კოალიციის გარშემო მსჯელობა არჩევნების შემდეგ დაიწყება.
ლიეტუვაში ამომრჩეველი ერთპალატიანი სეიმის 141 დეპუტატს ირჩევს, 71 ადგილი გადანაწილდება ერთმანდატიან ოლქებში, 70 - მრავალმანდატიან ოლქებში.
სახელმწიფო მოწყობით, ლიეტუვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი დებულებები განისაზღვრება დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის მიერ. წელს სეიმში სულ 1740 ადამიანი იყრიდა კენჭს, კანდიდატების სიები 14-მა პარტიამ და ერთმა კოალიციამ წარადგინეს.
ფორუმი