Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს მოქალაქეს ეძებს ყირიმის ხიდზე „ტერაქტის“ გამო


ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა.
ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა.

რუსეთმა „სახელმწიფოთაშორისი ძებნა“ გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდის აფეთქებასთან კავშირში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს, 14 ოქტომბერს, წერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“.

ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოხდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული აქვს ტერაქტის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენის და კონტრაბანდის მუხლებით.

2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ზომა - პატიმრობა.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომანქანა 2022 წლის 8 ოქტომბერს აფეთქდა და მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.

აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის" გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის ხუთი და უკრაინის და სომხეთის სამი მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი - ბროკერად, რომლის სახელი ლევანია.

ტელეკომპანია „პირველი" იმ პერიოდში წერდა, რომ რუსეთის საგამოძიებო მასალებში მოხსენიებული სატვირთო ავტომანქანა ეკუთვნის ინასარიძის დედას, რომელიც რუსეთის ვერსიას სისულელეს უწოდებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არა აქვს.

2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი.

უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG