საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებას არაერთმა მოქალაქემ მიმართა ცნობით, რომ შსს-ს სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღო.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს არ აკონკრეტებს, თუ რა შეტყობინებაზეა ლაპარაკი, თუმცა 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ ელექტრონული ფოსტით მიღებულ, ჩიქორთული ქართულით დაწერილ დოკუმენტს სათაურით, „სასამართლოს ბრძანება“, რომლის ადრესატებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თითქოს სასამართლოში იბარებს.
„აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ფორუმი