უკრაინის საგამოძიებო პროექტის Deepstate-ის თანახმად, კურსკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს მოხდა 10 ოქტომბერს სოფელ ზელენი შლიახთან. პროექტი ეყრდნობა უკრაინელ სამხედროებს და ასევე აქვეყნებს სურათებს, სავარაუდო მკვლელობის ადგილიდან.
პროექტის თანახმად, უკრაინელ სამხედროები დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი ზურგში იმყოფებოდნენ და და არ მოელოდნენ რუსი ჯარისკაცების გამოჩენას, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს. მას შემდეგ რაც უკრაინელებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ, ისინი მტერს დანებდნენ. რუსებმა, სავარაუდოდ, განაიარაღეს ისინი, უბრძანეს გაშიშვლება და დახვრიტეს. Deep state-ის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანან მიწაზე გაწოლილი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საცვლები აცვიათ.
როგორც "უკრაინსკა პრავდა" წერს, უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა, დიმიტრი ლუბინეცმა რუსი სამხედროების ქმედებებს უწოდა ომის ტყვეებთან მოპყრობის შესახებ, ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა ხოლო რუსეთს - "ტერორისტული ქვეყანა, რომელიც არღვევს ომის ყველა წესსა და ტრადიციას." მან გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა, გამოიძიონ და შეაფასონ აღნიშნული ინციდენტი.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ტყვედ აყვანილი და იარაღაყრილი ჯარისკაცების დახვრეტა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
რუსულ მხარეს პატიმრების დახვრეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
- უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები რეგულარულად მიიღება ცნობები. 2 ოქტომბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დონეცკის რეგიონში რუსი ჯარისკაცების მიერ 16 უკრაინელი პატიმრის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საერთო ჯამში, უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების მიერ სულ მცირე 93 უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის შესახებ.
ფორუმი