ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა მოიპოვეს ცილების კომპიუტერული დიზაინისა და მათი სამგანზომილებიანი სტრუქტურის პროგნოზირებისთვის. ამის შესახებ დღეს განაცხადა ნობელის კომიტეტმა.
დევიდ ბეიკერმა მიიღო ჯილდო „პროტეინების კომპიუტერული დიზაინისთვის“. მისი მუშაობა სრულიად ახალი ცილების შექმნის საშუალებას იძლევა. დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა Google-ის შვილობილი კომპანია Google DeepMind-იდან გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ცნობილი ცილის სტრუქტურის პროგნოზირებისთვის. მათი აღმოჩენების პოტენციალი უზარმაზარია, ნათქვამია ნობელის კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ცილის სტრუქტურის პროგნოზირება გამოიყენება მედიცინაში, მათ შორის ფარმაცევტიკასა და ბიოტექნოლოგიაში.
2023 წელს ქიმიაში ნობელის პრემია მიენიჭათ შეერთებულ შტატებში მოღვაწე რუს მეცნიერ ალექსეი ეკიმოვს და ამერიკელებს, მუნგი ბავენდისა და ლუი ბრიუსს, ნახევარგამტარული კვანტური წერტილების აღმოჩენისა და კვლევისთვის.
ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ისტორიის მანძილზე ის მხოლოდ რვა ქალმა მოიპოვა 197 ლაურეატიდან. ამასთან, ჯილდო მხოლოდ ორმა მეცნიერმა - მარი კიურიმ და დოროთი ჰოჯკინმა - მიიღო მთლიანად, ისე, რომ არ გაუყვიათ სხვებთან.
2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 7 ოქტომბერს მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს, ვიქტორ ემბროსსა და გერი რავკანს, „microRNA-ების აღმოჩენისა და კვლევისთვის. გუშინ ჯონ ჰოპფილდმა და ჯეფრი ჰინტონმა მოიპოვეს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მათი აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის მანქანური სწავლისთვის ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით. 10 ოქტომბერს გამოვლინდებიან ლიტერატურის პრემიის ლაურეატები, 11 ოქტომბერს კი მშვიდობის პრემიის ლაურეატებს დაასახელებენ.
ნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ ოქროს მედალს, დიპლომს და ფულად ჯილდოს 11 მილიონი შვედური კრონის ოდენობით (წელს ეს დაახლოებით 1,1 მილიონი დოლარია).
ფორუმი