Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან


ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში. ცენტრში ჯიჰან სულთანოღლუ
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში. ცენტრში ჯიჰან სულთანოღლუ

გაერო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია(ეუთო) და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ ცხინვალში ჟურნალისტებს განუცხადა გაეროს დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჯიჰან სულთანოღლუმ.

"ჟენევის დისკუსიები, თავისი განმარტებით და დამფუძნებელი დოკუმენტების მიხედვით, ჟენევაში უნდა იმართებოდეს. აქედან გამომდინარე, სამივე ორგანიზაცია, რომლებიც თანათავმჯდომარეებს წარმოადგენენ - გაერო, ეუთო და ევროკავშირი - მხარს დაუჭერენ ჟენევას, როგორც [შეხვედრების] ადგილის შენარჩუნებას", - განაცხადა სულთანოღლუმ.

მისი სიტყვებით, ჟენევის დისკუსიების გადატანის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა შორის კონსენსუსის გზით უნდა მიიღწეს და ამ ეტაპზე ამის წინაპირობები არ არსებობს.

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 62-ე რაუნდი, 5-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოჩიევმა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჟენევის შეხვედრები „სასარგებლო სამუშაო მექანიზმია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტაბილურობის უზრუნველყოფის გამტკიცებაში“. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების მომავალი რაუნდისთვის „არანაირი დაბრკოლება და სირთულე " არ არსებობს.

"მხოლოდ ჟენევის ფორმატშია შესაძლებელი ჩვენი დღის წესრიგის ყველაზე არსებით, ძირითად საკითხებზე მუშაობის გაგრძელება, როგორიცაა მიდგომების განსაზღვრა და, საბოლოოდ, ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა და საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია", - თქვა კოჩიევმა.

7 ოქტომბერს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ უმასპინძლა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების - რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის შეხვედრების რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისში
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისში

2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ წარმართვის აუცილებლობაზე.

2023 წელს ბელარუსში „ვიზიტის“ შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ მინსკი შეიძლება გამხდარიყო „ნეიტრალურ ადგილად უსაფრთხოებაზე დისკუსიებისთვის."

4 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემასაც და თქვა:

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა შევხედავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება“, - თქვა ლავროვმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.

ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).

ფორუმი

XS
SM
MD
LG