რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გამტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ გამოახატა „მადლიერება პრინციპული პოზიციისთვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ნატოს მცდელობის საპასუხოდ, გადააქციონ უკრაინა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ინსტრუმენტად და ყველაფერ რუსულის განადგურების ინსტრუმენტად, რაც საუკუნეების მანძილზე იყო დონბასის, ნოვოროსიისა და ყირიმის ისტორიის განუყოფელი ნაწილი“.
ლავროვი შეეხო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ დისკუსიების ჟენევიდან სხვა ქალაქში გადატანის თემასაც და თქვა:
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად ამიერკავკასიაზე კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც ბოლო დრომდე ტარდებოდა ჟენევაში. ახლა შევხედავთ, სად არის უფრო მოსახერხებელი ამ ტიპის შეხვედრის ორგანიზება“, - თქვა მან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი "პრაქტიკულ სიბრტყეზე აყენებს ჟენევის დისკუსიების სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხს."
დღესვე ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან. რის შემდეგაც გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ლავროვსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან", "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", დაახლოებაში. პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.
სოხუმსა და ცხინვალში, კალაძის სიტყვების კომენტირებისას, კვლავ მოუწოდეს საქართველოს, აღიაროს "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო НСН-ს რამდენიმე დღის წინათ განუცხადა, რომ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.
რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო.
ფორუმი