ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების, „ფორმულის“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” „არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას“ და მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ დაავალდებულოს ტელეკომპანიები, ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი.
„["ქართული ოცნების" ბანერები] კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“, - აღნიშნავს ქარტია 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„უკრაინელი ხალხის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება“ 5 ოქტომბერს დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“.
„მმართველი პარტიის პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა“, - ვკითხულობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შაბათს, 5 ოქტომბერს, სამმა ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ დაჯარიმების რისკის მიუხედავად, არ აპირებენ შეასრულონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნა და ეთერში გაუშვან უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური ბანერები”.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“, - აცხადებენ ტელევიზიები.
26 სექტემბერს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.
ფორუმი