Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა


ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ბრძანებით გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის პროცედურა.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება № 873 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა.

პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან, რუსეთში შესვლა შეეძლებათ „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობის, საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის) საფუძველზე".

პუტინმა საქართველო მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.

ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით გამოდიოდნენ პრორუსული პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG