პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, წარადგინა.
წარდგენის შემდეგ წულაძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა: „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“.
ახალმა მინისტრმა განათლების სფეროს შესახებ მოკლედ ილაპარაკა. „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობით და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, - აღნიშნა მან.
ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 8 აგვისტოდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ცენტრის ფარგლებში მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც გასულ კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ილიაუნის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს, რასაც თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ ეთანხმება.
წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
- 2023/12-2024/08 წწ. – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
- 2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
- 2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის" მმართველი პარტნიორი;
- 2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
- 2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
- 2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
- 2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
განათლების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.
ფორუმი