Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერიტორიული მთლიანობისთვის მზადება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის - ივანიშვილი


ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ მან 28 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლად - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".

მის ამ განცხადებას კრიტიკური შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე დევნილების, ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ მებრძოლების ოჯახის წევრების მხრიდან.

მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება რუსმა პროპაგანდისტებმა შეაქეს.

28 სექტემბერს, თელავში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოპოვების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და, ამავდროულად, მათი „უმკაცრესად გასამართლების საკითხი“.

კიდევ ერთ პირობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი კოსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში დებს, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში.

მისივე სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საბოლოოდ დაასრულებს სხვადასხვა, მათ შორის, უცხოური ძალების მიერ „მოსახლეობისთვის ფსევდოღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!“

ფორუმი

XS
SM
MD
LG