Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, კობახიძის მიღება აშშ-ის პრეზიდენტთან "რადიკალური ოპოზიციის წასახალისებლად" გაუქმდა


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე, კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე „რადიკალური ოპოზიციის“ წასახალისებლად გაუქმდა.

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კონკრეტულ განცხადებებში, არაფრის მთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში, აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახანს ვიხილეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, დღევანდელ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას არაფერი და ვერაფერი უშველის.

რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს“, - თქვა კახა კალაძემ.

25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

აშშ-ის საელჩომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG