ისრაელის არმია (ცაჰალი) აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება ჰეზბოლას ცენტრალურ სამხედრო შტაბზე.
ისრაელის თანახმად, შტაბი საცხოვრებელი შენობის ქვეშ მდებარეობდა.
ჰეზბოლა სამხედრო ჯგუფიც არის და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ამერიკის შეერთებული შტატები მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირმა შავ სიაში მხოლოდ მისი შეიარაღებული ფრთა შეიყვანა.
გამოცემა „უნეტი“ წერს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ასევე ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ბუნკერი. საუდის ტელეკომპანია Al Hadath-ის ცნობით, ნასრალა გადაურჩა თავდასხმას და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
"როიტერსი" მრავალი აფეთქების შესახებ იუწყება. გამოცემის თანახმად, ეს იყო ყველაზე მძლავრი აფეთქება ბეირუთში ჰეზბოლას და ისრაელს შორის მიმდინარე თითქმის ერთწლიან კონფლიქტში. "ალ-არაბიას" ცნობით, დაბომბვის შედეგად ქალაქში დაინგრა 6 შენობაზე მეტი.
მანამდე ჰეზბოლამ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები ისროლა კირიატ-ატასკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიის მიმართულებით. მისი თქმით, ეს თავდასხმები იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.
ფორუმი