Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა გმობს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებზე ომის კადრების გამოყენებას


"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან. 

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.

ქართველ ხალხს შეიძლება არ ეშინოდეს ახალი ომის მანამ, სანამ უკრაინა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის მშვიდობის ფასი საქართველოში", - წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებით, უკრაინა თანმიმდევრულად, მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ პირობებში და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს".

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც გამოსახულია უკრაინაში ომის დროს დანგრეული შენობები, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

5 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

9 - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

25 - „გახარია საქართველოსთვის“.

რადიო თავისუფლებას პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს, "რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" კამპანიაა და მმართველი პარტიის შეკვეთით დამზადდა და გაეკრა". მათი განმარტებით, ის ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, "საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას".

სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე წერს, რომ „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი” უნახავს.

“რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ !”

ფორუმი

XS
SM
MD
LG