Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს, თანამდებობიდან დაითხოვოს უკრაინის ელჩი აშშ-ში


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ეჭვი შეიტანა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას „პატიოსნებაში“ და დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში" დაადანაშაულა.

მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნა. ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან მარკაროვას „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას".

რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და არცერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ.

სპიკერი ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს აშკარად იყო დემოკრატების სასარგებლოდ ჩატარებული პარტიული ღონისძიება და შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევა. ჯონსონი ზელენსკის წერს, რომ ელჩის მიერ ამ „პარტიზანული კამპანიის“ ორგანიზების გამო, რესპუბლიკელები აღარ ენდობიან მარკაროვას უნარს, პატიოსნად და ეფექტიანად შეასრულოს დიპლომატის ფუნქციები.

ვოლოდიმირ ზელენსკისადმი წერილში მაიკ ჯონსონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ლიდერები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების და მედიის თავდასხმის სამიზნე არიან.

უკრაინელი პოლიტიკოსები და მედია ხშირად აკრიტიკებენ იმ ამერიკელ რესპუბლიკელებს, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგებიან.

2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - სენატორი ჯეი დი ვანსი.

სპიკერ ჯონსონის წერილს უკრაინის მხრიდან ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

22 სექტემბერს პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის ქარხანაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორი ჯოშ შაპირო, დემოკრატი სენატორი ბობ კეისი და დემოკრატი კონგრესმენი მეტ კარტრაიტი.

ამ ფაქტმა რესპუბლიკელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სკრენტონი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქია, პენსილვანია კი შტატი, რომელიც ხშირად წყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს.

დღეს, 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატია.

ზელენსკი კონგრესში შეხვდება დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ შორის არ იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი. „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ცნობით, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მაიკ ჯონსონმა მიზეზად დაასახელა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG