Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მიიღებს კიდევ 375 მილიონი დოლარის ამერიკულ სამხედრო დახმარებას


ფოტო არქივიდან. უკრაინელი სამხედროები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსით Javelin
ფოტო არქივიდან. უკრაინელი სამხედროები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსით Javelin

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებებისთვის ახალი პაკეტი დაამტკიცა.

პენტაგონის ინფორმაციით, 375 მილიონი დოლარის დახმარება მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, ჯავშანმანქანებს და სხვა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ეს ჩამონათვალი იწყება „ჰაერი-ხმელეთის კლასის საბრძოლო მასალებით“, რომელთა სახეობა დაკონკრეტებული არ არის.

სააგენტო Reuters-ის წყაროთა ცნობით, საუბარია მაღალი სიზუსტის მართვად ავიაბომბებზე(AGM-154 Joint Standoff Weapon), რომლებსაც უკრაინა პირველად მიიღებს. ამ ავიაბომბებს, რომელთა გაშვება შესაძლებელია F-16 ტიპის თვითმფრინავებიდან, სამიზნეების განადგურება შეუძლიათ 130 კილომეტრამდე მანძილზე.

დღეს, 26 სექტემბერს, ვაშინგტონში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.

Reuters-ის ცნობით, ზელენსკის ვიზიტის ფონზე თეთრი სახლი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 25 სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 56,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG