საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
25 სექტემბერს „მთავარმა არხმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხის ინფორმაციით, კონფლიქტი მოჰყვა პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.
„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯები, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „აირჩიე ევროპის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
"ამერიკის ხმას" სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს მოსაწვევის გაუქმება.
მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ფორუმი