გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი მზად არის, დაასრულოს თავისი ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთთან შექმნილი დაპირისპირება.
24 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, დიალოგის მეშვეობით დამთავრდეს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის.
Reuters-ის ცნობით, ფეზეშქიანმა გააკრიტიკა ირანის მოსისხლე მტერი ისრაელი იმ ქმედებისთვის, რასაც „ღაზაში გენოციდი" უწოდა და განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ირანის მმართველები იმედოვნებენ, რომ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები შერბილდება. მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობა გამწვავდა მას მერე, რაც ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად), რომელსაც ირანი უდგას მხარში, შარშან 7 ოქტომბერს იერიში მიიტანა ისრაელზე და უკრაინასთან ომში რუსეთის დახმარება გაზარდა.
„ჩვენ მშვიდობას ვესწრაფვით და არ ვაპირებთ არცერთ მხარესთან კონფლიქტს...ირანი ომის წინააღმდეგია და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებელი დასრულება“, - თქვა ფეზეშქიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება, რომელიც მეორე მხრივ დაიდო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას შორის, ჩიხში მოექცა მას მერე, რაც აშშ ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. შეთანხმებით მიღწეული პირობები, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საპასუხოდ მისთვის დაწესებული სანქციების შერბილება, ირღვევა, მაგრამ დოკუმენტი იურიდიულად კვლავ ძალაშია.
ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს.
ფორუმი