Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთი აუცილებლობის ფარგლებში ინარჩუნებს კონტაქტებს საქართველოსთან, არის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში საკითხების განხილვის შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, ჩვენ იქ გვაქვს შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესების სექცია, იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომლებსაც აუცილებლობის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ მიმდინარე საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროებში, ხალხებს შორის პირდაპირი კონტაქტები საქართველოს შესაბამის ხელმძღვანელებთან", - განაცხადა ლავროვმა „3+3-ის" რეგიონული პლატფორმის მესამე სხდომის შეჯამებისას.

საქართველომ „3+3-ის" ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, შეხვედრის მონაწილეებმა მორიგ ჯერზე გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა.

„ჩვენ მორიგ ჯერზე, ჩვენ ამას ვაკეთებ ყოველთვის, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ სამუშაოში ჩართვას“, - თქვა ლავროვმა.

მან კიდევ ერთხელ მიანიშნა „დასავლეთის მცდელობაზე, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი“.

„ვგულისხმობ, კვლავ გაჩაღდეს კოცონი და მოხდეს ვითარების დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გახურდეს საქართველოსა და ამ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები. ასე რომ, რისკების უმეტესობა, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, დაკავშირებულია დასავლეთის მცდელობებთან და მიზნად ისახავს მათი გავლენის მაქსიმალურად გაზრდას აქ და, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ ჩაშალოს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ჩვენს სახელმწიფოს შორის თანაბარუფლებიანი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის", - დაამატა ლავროვმა.

29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მზადყოფნაზე, დაეხმაროს საქართველოს თავის "მეზობლებთან", აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში. მოგვიანებით, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება."

ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 29 სექტემბრის განცხადება და თქვა, რომ „განცხადების პარალელურად უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“ და „იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.

მას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG