ევროკავშირის ქვეყნები არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ბრიუსელში გამოქვეყნდა 17 ოქტომბერს.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, ებრძოლონ იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“, ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხში სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და სხვა ქვეყნებს. სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ „გამონაკლისი სიტუაციები საჭიროებს შესაბამის ზომებს“.
Politico-ს თანახმად, ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის გამარჯვებაა. მას სურდა, რომ ევროკავშირს მხარი დაეჭირა იმ იდეისთვის, რომ ქვეყანას შეუძლია უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობა თავშესაფრის უფლების შეჩერების გასამართლებლად - და მან ამას მიაღწია, წერს გაზეთი.
მანამდე პოლონეთის მთავრობამ მიიღო მიგრაციის პოლიტიკის სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის. მისი მთავარი მიზნები უნდა იყოს კონტროლი და უსაფრთხოება და ყველაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია დონალდ ტუსკის განცხადებამ, რომ პოლონეთს შეუძლია დროებით შეაჩეროს მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭება. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება მათ, ვისაც სურს პოლონეთში მოხვედრა აღმოსავლეთიდან, ბელარუსისა და რუსეთის მხრიდან.
თავშესაფრის უფლების დროებით შეჩერების წინადადებამ ადამიანის უფლებათა აქტივისტების მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ის, კერძოდ, ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას.
პოლონეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს. ფინეთმა უკვე მიიღო მსგავსი კანონები. ვარშავა და ჰელსინკი ბელარუსისა და რუსეთის ხელისუფლებებს ადანაშაულებენ, რომ ისინი განზრახ უშვებენ მიგრანტებს ევროკავშირისკენ, რათა ბლოკში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მოსკოვი და მინსკი უარყოფენ ბრალდებებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ადრე გამოაცხადა ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ, რომელმაც უნდა გაამარტივოს იმ მიგრანტების სამშობლოში გაგზავნის პროცესი, რომლებსაც არა აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. სამიტამდე გამოქვეყნებულ წერილში ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დოკუმენტი შეიცავს „მკაფიო ვალდებულებებს იმ პირებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე, რომლებიც გაძევებას ექვემდებარებიან“.
ფორუმი