Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიის ცნობით, მოკლეს ჰეზბოლას სარაკეტო ნაწილის მაღალი რანგის მეთაური


მაშველები მუშაობენ ბეირუთის ღობეირის რაიონში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი
მაშველები მუშაობენ ბეირუთის ღობეირის რაიონში ისრაელის თავდასხმის შემდეგ. 24 სექტემბერი, 2024 წელი

ისრაელმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს ბეირუთზე თავდასხმისას მოკლეს ჰეზბოლას სარაკეტო ქვედანაყოფის ერთ-ერთი მეთაური.

ისრაელის არმიას და ჰეზბოლას შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის მასიური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 560-მდე გაიზარდა. მოკლული სამხედრო მეთაური იბრაჰიმ ყობეისი ჰეზბოლას შეუერთდა 1980-იან წლებში. მისი დაგეგმილი იყო იერიში 2000 წელს, რომლის დროსაც სამი ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს და მოკლეს.

ყობეისი ბეირუთზე თავდასხმის დროს დაიღუპა, განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ დარტყმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ „სხვა მნიშვნელოვანი მეთაურები“. მაგრამ ოფიციალური პირები არ ამბობენ, დაიღუპნენ ისინი თუ დაიჭრნენ.

ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, სულ მცირე, 558 ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად. მანამდე ბეირუთი 492 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.

ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.

ისრაელი ირწმუნება, რომ ლიბანის სამხრეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მისი სამიზნეა გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ობიექტები.

ლიბანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ განადგურებული ობიექტების დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლებია.

ამასობაში, ათასობით ადამიანი იძულებულია, დატოვოს სამხრეთი ლიბანი - ორივე მხარე სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე აღმოჩნდა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ლიბანში, 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ბექაას რეგიონში დაღუპულთა შორის არის მისი ერთ-ერთი თანამშრომელი თავისი მცირეწლოვანი ვაჟით, ასევე - დამლაგებელი, რომელიც კონტრაქტით მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში. თავდასხმის დროს მძიმედ დაშავდნენ მისი ქმარი და ერთ-ერთი შვილი.

სირიასთან სასაზღვრო გადასასვლელზე მასიური საცობები წარმოიშვა იმის გამო, რომ ხალხი ლიბანიდან მეზობელ ქვეყანაში გარბის.

ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ღამით და დილას რაკეტები დაუშინა ისრაელის რვა ობიექტს, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანას ზიხრონ-იააკოვში, საზღვრიდან 60 კილომეტრში.

ისრაელის სამხედროებმა სამშაბათ დილას განაცხადეს, რომ 55 რაკეტა გაისროლეს ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში, რამაც ხანძარი გააჩინა და შენობები დააზიანა. მათი თქმით, ათობით საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ჰეზბოლას ობიექტებზე, მათ შორის ობიექტზე, რომელიც რაკეტებს ისროდა ღამით. სამხედროები ამბობენ, რომ ტანკებმა და არტილერიამ იერიში მიიტანა საზღვართან ახლოს მდებარე სამიზნეებზე. ისრაელმა აღნიშნა, რომ მისი სამიზნე იყო ის ობიექტები, რომლებშიც ჰეზბოლა იარაღს ინახავდა.

Associated Press-ის ცნობით, ამერიკული ცეცხლის სამეთვალყურეო თანამგზავრების 24 სექტემბრის მონაცემთა ანალიზის შედეგის თანახმად, ლიბანის სამხრეთისკენ მიმართული ისრაელის საჰაერო თავდასხმების სპექტრი 1700 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფარავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG