Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს


ფოტო: Yandex Taxi
ფოტო: Yandex Taxi

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. კომპანია საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტკავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შესაბამისად, გამოვლინდა IP Address-ის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის ფაქტი.

„შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი“, - წერია განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა. სამსახურმა კი კომპანიის მიმართვა არ დააკმაყოფილა.

„სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მან დაადგინა, რომ შპს „რაიდტექ ჯორჯიამ“ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების - მგზავრების და მძღოლების - პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემით, დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

კანონდარღვევის გამოვლენის შემდეგ კი „რაიდტექ ჯორჯია“ დააჯარიმეს და დაავალეს რუსეთისთვის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გადაცემის შეწყვეტა.

„კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა“, - აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

განახლება

„რაიდტექ ჯორჯიას“ წარმომადგენლობამ რადიო თავისუფლებას გამოუგზავნა საპასუხო განცხადება, რომლის თანახმად, კომპანია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ“, - აღნიშნავს Yandex GO-ს მფლობელი კომპანია და განმარტავს, რომ მონაცემების შესანახად იყენებს „ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს“.

„რაიდტექ ჯორჯიას“ თანახმად, Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო .

რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის „ეფესბეს" ჰქონდა წვდომა იმ მომხმარებლების მონაცემებზე, რომლებიც საზღვარგარეთ სარგებლობენ რუსული კომპანიის, Yandex Taxi-ის, სერვისით. თავად Yandex-მა ეს ინფორმაცია უარყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG