Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში თავს დაესხნენ „ოცნების“ აქტივისტები


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ.

პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ.

დეპუტატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შემთხვევა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დღეს, 19 სექტემბერს, მოხდა.

„ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, ფლაერებს ვარიგებდით ახალგაზრდებთან ერთად. ველაპარაკებოდი ხალხს, რა დროსაც მოვარდა დაახლოებით 50 ადამიანი. მათ ეცვათ „ქართული ოცნების“ მაისურები. მათ შორის იყო „ოცნების“ მხარდამჭერი და სუსის აგენტი თეონა ქარდავა. მათ დაიწყეს შეურაცხყოფა. ჰქონდათ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა... ჩემკენ იწევდნენ ხელის გასარტყმელად, მეძახდნენ შუაზე გაგხევო. ხალხი ჩადგა ჩვენ შორის და გააგდეს ისინი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

იგი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა. წითლიძის თანახმად, პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, დაიწყო თუ არა ინციდენტის მოკვლევა.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა. ის ძალადობრივ ქმედებებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს:

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს. ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ. ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას“, - წერს დავით კოდუა სოციალურ ქსელში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG