Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი გაუმართლებელს უწოდებს შუქრუთელებისთვის წვიმაში კარვის გაშლის შეზღუდვას


კადრი ვიდეოდან: აქციის მონაწილეები წვიმაში. 16 სექტემბერი
კადრი ვიდეოდან: აქციის მონაწილეები წვიმაში. 16 სექტემბერი

​საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პროტესტის დროს კარვის გაშლის უფლება კანონმდებლობითაა დაცული. ასე გამოეხმაურა ომბუდსმენი გუშინ, 16 სექტემბერს, პარლამენტთან შუქრუთელებისთვის წვიმაში კარვის გაშლის შეზღუდვის ფაქტს.

„ამინდის გაუარესების პარალელურად კარვით სარგებლობა არა მხოლოდ უფლებით დაცულ სიმბოლურ ჟესტს, არამედ შეკრების გამართვისა თუ მისი უწყვეტი მიმდინარეობისთვის აუცილებელ წინაპირობასაც წარმოადგენს, რაც ხელისუფლების მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს“, - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ კარვის ჩამორთმევა გაუმართლებელი ქმედებაა.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც გუშინ აქციის მონაწილეებს წვიმაში კარვის გაშლის საშუალება არ მისცა, არ ჩაერიოს აქციის მონაწილეთა უფლებებში.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.

შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახელებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი იყო ავანსი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. ისინი ამბობენ, რომ კომპენსაციის საბოლოო ოდენობა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს.

შუქრუთელების აქციამ 11 სექტემბერს თბილისში გადაინაცვლა.

გუშინ, 16 სექტემბერს კი, პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ წვიმაში კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG