ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ოქტომბერში რუსეთში ჩასვლას აპირებს BRICS-ის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად. BRICS-ში ირანისა და რუსეთის გარდა შედის კიდევ შვიდი სახელმწიფო, მათ შორის ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთი აფრიკა.
ფეზეშქიანის მოახლოებული ვიზიტის შესახებ ირანული მედია კვირას იტყობინებოდა მოსკოვში თეირანის ელჩზე დაყრდნობით. ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა დასავლეთთან კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის ფონზე, რაც დაკავშირებულია რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობასთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გასულ კვირაში დაადასტურა, რომ რუსეთმა, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ირანიდან მიიღო მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების პარტია. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კონტაქტები მუქარას წარმოადგენს უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოებისთვის.
აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ამტკიცებს, რომ თეირანი არ აწვდიდა მოსკოვს რაკეტებს და რომ აშშ-ისა და ევროპის სამი ქვეყნის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის პრობლემის გადაწყვეტა.
BRICS-ის შემდეგი სამიტი ყაზანში გაიმართება 22-24 ოქტომბერს.
ფორუმი