Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებისათვის ხელის შეშლა სცადეს


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და კომისიების წევრების ტრენინგებზე, რომელიც 14 სექტემბერს დაიწყო, „ჩართული მხარეების ნაწილის მხრიდან დაფიქსირდა ხელის შეშლის მცდელობები“.

ცესკო აცხადებს, რომ ზოგიერთი არაუფლებამოსილი პირი ცდილობდა საკითხი წარმოეჩინა იმდაგვარად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. „მათ არა საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ უბრალოდ კანონი არ აძლევთ პროცესზე დასწრების უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ ტრენინგებს და ამ პროცესზე დასწრების და დაკვირვების საშუალება საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებსაც აქვთ. „რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაურკვევლობას, თუმცა ამ დროისთვის ყველა უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს დააკვირდეს ტრენინგის მიმდინარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც არის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმოჩინდეს როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა, - აცხადებს ცესკო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG