Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI-ის განცხადებით, ცესკოს დადგენილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) გამოეხმაურა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16 აგვისტოს დადგენილებას, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, კანონთან შეუსაბამოა.

TI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდება.

„ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

როგორც განცხადებაში წერია, საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა წყვეტს, რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს კენჭისყრის დღეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უბანზე წილისყრით ნაწილდებოდა ამომრჩევლის რეგისტრატორის და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. TI-ის შეფასებით, ორივე ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია, მათზეა დამოკიდებული ამომრჩევლის სრულყოფილი ვერიფიცირება, ორჯერ ხმის მიცემის პრევენცია, ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთება და შემოწმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი წილისყრის კენჭისყრის დღეს გამართვა.

„აქამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა. შესაბამისად, ამ პროცედურას აკვირდებოდა ყველა ჩართული მხარე ვისაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება აქვს: ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს უზრუნველყოფდა წილისყრის პროცესზე სრულყოფილ დაკვირვებას ყველა საარჩევნო უბანზე.

ცესკოს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება. ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას“, - აცხადებს ის

ცესკოს დადგენილებაში, მისი „კანონიერების“ დასასაბუთებლად, მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.“

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცესკო უგულებელყოფს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ღ1“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა“. „აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკოს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააუქმოს მიღებული დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG