სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას, იცხოვრონ მშვიდობიანად.
"იმ დროს, როდესაც უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს", - თქვა მან.
პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები შეაფასა და თქვა, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის ტრაგედიაა, არამედ "გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ "თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს - იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს".
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინამ "ყოვლისშემძლე რუსული არმიის" სახე დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ რუსეთის დაუმარცხებლობა მითი იყო:
"რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაპყრობა ვერც 3 და ვერც 900 დღეში, ვერ შეძლო უკრაინული საზოგადოების დასუსტება, ან უკრაინის დაშორება ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერისგან. ეს იმიტომ, რომ ყველანი ვაცნობიერებთ - უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან.
უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს - არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში".
პრეზიდენტმა, ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც მისივე შეფასებით, მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია:
"ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე - ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული".
ფორუმი