პოლიცია ალექსანდრე სამხარაძეს ედავებოდა წვრილმან ხულიგნობას - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას.
სასამართლოში მტკიცებულებად იყო წარდგენილი ორი ვიდეო - მათგან ერთი, 2:45 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერი თავად ლექსო სამხარაძის გადაღებულია და ის იმავე დღეს ვირუსულად გავრცელდა ტრადიციულ და სოციალურ მედიაში, მეორე კი, უფრო მოკლე, 45 წამიანი ვიდეო სავარაუდოდ ერთ-ერთი დეპუტატის მანქანიდან არის გადაღებული.
28 მაისს, როცა შემთხვევა მოხდა, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციის ფონზე დაძლია. იმ დღეს პოლიციამ ხალხმრავალი პროტესტის გამო პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და დეპუტატებს ქიქოძის ქუჩის გავლით დაატოვებინა ტერიტორია. სწორედ იქ შეხვდა ალექსანდრე სამხარაძე „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატებს.
„მივდიოდი აქციაზე, შემხვდა დეპუტატების კოლონა, ვთვლი რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში სრულად ჯდება, მე ვაჟღერებდი პოლიტიკურ მესიჯებს და ეს ენა უცხო არ არის არც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვიდეოში ნათლად ჩანს რომ ჩემი სიტყვები მიემართება დეპუტატებს და არა სხვა მოქალაქეებს“ - უთხრა სასამართლოს 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ალექსანდრე სამხარაძემ. ის ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ მართალია ჩანაწერის ნაწილში ნამდვილად ისმის უცენზურო სიტყვები და უშვერი სიტყვებით გინება, რაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილში შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ ამ ლექსიკის გამოყენება მან მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა დეპუტატმა მის საპროტესტო შეძახილებს გინებით უპასუხა ავტომობილიდან. თითქმის სამწუთიანი ვიდეოს პირველი მართლაც არ მოიცავს უხამს ლექსიკას და გინებას - ამ კადრებში მკვეთრად არ ჩანს დეპუტატი, რომელიც აგინებს მოქალაქეს, თუმცა იდენტიფიცირებადია პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ავტომობილიდან გამოდის, მისდევს ალექსანდრე სამხარაძეს და ქუჩაში გამოდგმული დახლიდან აღებულ ფორთოხალს ესვრის მას. ამავე ვიდეოში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც არ გამოხატავენ მომხდარით უკმაყოფილებას და არ ერთვებიან ინცინდენტში.
"თმენის ვალდებულება აკისრიათ დეპუტატებს. გურამ მაჭარაშვილმა ჩამოწეული მანქანიდან დაიწყო ჩემს მიმართ უშვერი სიტყვების გამოყენება, დედის გინება და ჟესტების ჩვენება. მოხდა ისე, რომ იმათ გინებას ვუპასუხე გინებით. სამართლიანი იქნება თუ მე მომეკითხება პასუხი, იმათაც მოეკითხოთ პასუხი" - უთხრა მოსამართლეს ლექსო სამხარაძემ.
"იმათი პასუხის გება არ არის სასამართლოს პასუხისმგებლობა" - ამ რეპლიკით უპასუხა მას მოსამართლემ და განუმარტა, რომ მას ჰქონდა უფლება, მიემართა პოლიციისთვის, თუკი თვლიდა, რომ დეპუტატებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი უფლებები დაარღვიეს.
ილონა დიასამიძე, ალექსანდრე სამხარაძის ადვოკატი: მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რამდენი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეთ?
გიორგი ჩუთლაშვილი, შსს-ს წარმომადგენელი: ამ კითხვას კავშირი არ აქვს ამ საქმესთან.
ილონა დიასამიძე: მოქალაქეებიდან შემოვიდა შეტყობინება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ?
გიორგი ჩუთლაშვილი: ასეთი შეტყობინება არ შემოსულა. ადმინისტრაციულმა ორგანომ თვითონ გადავწყვიტა ნანახი ვიდეომასალით.
ილონა დიასამიძე: რა ჩათვალეთ ლანღვა-გინებად?
გიორგი ჩუთლაშვილი: სიტყვები გავაჟღერო? მე ვერ გავაჟღერებ ამ სიტყვებს.
ნინო ენუქიძე, მოსამართლე: არ არის საჭირო ამ სიტყვების გაჟღერება
ილონა დიასამიძე: მოქალაქეებზე შურაცხმყოფელ გადაკიდებაზე როცა საუბრობთ [ლექსო სამხარაძის მხრიდან], ვის გულისხმობთ, იქ მცხოვრებ მოქალაქეებს თუ დეპუტატებს?
გიორგი ჩუთლაშვილი: დეპუტატებს
ამ კითხვა-პასუხის შემდეგ ალექსანდრე სამხარაძის ადვოკატმა განმარტა, რომ ფაქტი, რამაც მისი ბრაზი და უკმაყოფილება გამოიწვია, მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
"ხვალ შეიძლება ამ ქვეყანაში დარჩენაც კი ვეღარ შეძლოს. დეპუტატების მხრიდან არ უნდა დაწყებულიყო გინება, მათ აქვთ თმენის ვალდებულება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ აქვთ ვალდებულება, როგორც ერთი მხარისთვის, ისე მეორე მხარისთვის შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი" - უთხრა მან სასამართლოს. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაინტერესდა, ნანობდა თუ არა სამხარაძე მის საქციელს.
ალექსანდრე სამხარაძე: ზოგადად საზოგადოებაში ხმამაღალი ლაპარაკი და ყვირილიც არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ იმ დღეს ქუჩაში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, მიიღეს რუსული კანონი და მოქალაქეები იყვნენ გაბრაზებულები.
გიორგი ჩუთლაშვილი: თქვენ დეტალურად გახსოვთ რა და როგორ იყო? თქვენ მისდევთ ავტომობილის კოლონას გინებ-გინებით. ქმედება არის განგრძობადი, რაც დამამძიმებელი გარემოებაა - მოვითხოვთ მაქსიმალურ სასჯელს.
1000 ლარიანი ჯარიმა, რაც სახდელად განუსაზღვრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ახალგაზრდა კაცს, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობაა. მას ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეძლო ასევე 15 დღემდე პატიმრობის შეფარდება ალექსანდრე სამხარაძისთვის სამართალდამრღვევად ცნობის შემდეგ.
28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის სურვილი 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ფორუმი