Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მიესალმა ღაზაში პოლიომიელიტის ვაქცინაციაში წინსვლას და ცეცხლის მუდმივად შეწყვეტა მოითხოვა


ბავშვს ვაქცინაციას უტარებენ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში. 9 სექტემბერი, 2020.
ბავშვს ვაქცინაციას უტარებენ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში. 9 სექტემბერი, 2020.

პალესტინელთა საკითხებზე მომუშავე გაეროს მთავარმა უწყებამ, UNRWA-მ, 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ღაზის სექტორში ბავშვებს შორის პოლიომიელიტის აცრაში. ამავე დროს ის გამოვიდა 11-თვიან ომში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის მოწოდებით, რათა მოხერხდეს ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქება.

გაეროს უწყებამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში სამდღიანი ვაქცინაციის კამპანიის განმავლობაში 187 ათასამდე ბავშვი აცრეს. კამპანიის მეორე ეტაპზე ვაქცინაციის კამპანია სექტორის სხვა რაიონებში გადაინაცვლებს.

კამპანიის დაწყებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ გასულ თვეში პალესტინელ ჩვილ ბავშვს პოლიომიელიტი აღმოაჩნდა. ეს ამ დაავადების პირველი შემთხვევა იყო უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.

ისრაელი და ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, შეთანხმდნენ, რომ ყოველდღე რვა საათით შეწყვეტენ ბრძოლას წინასწარ განსაზღვრულ არეალებში, რათა შესაძლებელი გახდეს ვაქცინაციის პროგრამის ჩატარება. კამპანიის მსვლელობისას რაიმე ძალადობის შემთხვევების შესახებ არ იტყობინებიან.

ისრაელმა ღაზის სექტორში ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას მოკლულ იქნა 1200-ზე მეტი ადამიანი. ჯიჰადისტებმა 250-ზე მეტი ღაზაში წაიყვანეს მძევლებად.

პალესტინელთა ოფიციალური წყაროების თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 40 ათასზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა - ქალები და ბავშვები. გაეროსა და სხვა ორგანიზაციების თანახმად, სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG