Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი პალესტინელი მოკლეს ღაზის სექტორში?


ღაზის სექტორი. 11 აგვისტო, 2024
ღაზის სექტორი. 11 აგვისტო, 2024

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის მერე განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების დროს ღაზის სექტორში მოკლულ იქნა 40 ათასზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობა სამოქალაქო პირები არიან. 2,3 მილიონ მოქალაქეს მოუწია საკუთარი სახლების დატოვება.

ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის არეალზე. იქ შეტაკებებისას დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი, უმეტესობა სამოქალაქო პირები, და 253 მძევალი იქნა გატაცებული და დატყვევებული ღაზაში.

15 აგვისტოს პალესტინელთა ოფიციალურმა უწყებამ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, გამოაცხადა, რომ 40005 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 92401 დაიჭრა და დაშავდა.

ამ სტატიაში შევეცდებით გაგარკვიოთ, როგორ არის მსხვერპლის რაოდენობა დათვლილი,

რამდენად სანდოა ეს მონაცემები, როგორ განისაზღვრება დახოცილებს შორის სამოქალაქო და სამხედრო პირთა წილი და რას ამბობს თითოეული მხარე.

როგორ ითვლიან ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებები დაღუპულთა რაოდენობას?

ომის პირველ თვეებში დაღუპულების რაოდენობის დადგენა ხდებოდა მხოლოდ საავადმყოფოებში მიტანილი გვამების დათვლით და მონაცემები შეიცავდა მოკლულების უმეტესობის საიდენტიფიკაციო ნოემბერს.

როცა ომი გაგრძელდა და საავადმყოფოების და მორგების რაოდენობამაც იკლო, ხელისუფლებამ დაიწყო სხვა მეთოდის გამოყენება.

მაისიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპულთა რაოდენობას ამატებს ამოუცნობი გვამების რიცხვსაც, რაც ჯამის მესამედია.

ომარ ჰუსეინ ალი, საგანგებო ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ამბობს, რომ ლაპარაკია გვამებზე, რომლებიც საავადმყოფოებში და სამედიცინო ცენტრებში მოხვდნენ პირადი მონაცემების, საიდენტიფიკაციო ნომრებისა და სრული გვარისა და სახელის გარეშე. ამ სიაში დაიწყეს სიკვდილის იმ შემთხვევების შეტანაც, რომლებზეც ოჯახი ინტერნეტით იტყობინებოდა და თან ურთავდა პირად ნომერსაც.

ღაზის სექტორი. 5 აგვისტო, 2024
ღაზის სექტორი. 5 აგვისტო, 2024

არის თუ არა სრული ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა?

პალესტინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რიცხვები არ ასახავს ყველა მსხვერპლს, რადგან ბევრი მათგანი დღემდე ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაისის თვეში უწყებამ გამოთვალა, რომ ათი ათასი გვამი არ იქნა გათვალისწინებული.

5 ივლისს სამედიცინო ჟურნალ „ლანსეტში“ გამოქვეყნდა სამი მეცნიერის წერილი, რომელშიც ისინი წერდნენ, რომ თუ გავითვალისწინებთ სიკვდილის რაოდენობას, როცა დაღუპვას ისეთი არაპირდაპირი ფაქტორები იწვევს, როგორიცაა ავადმყოფობა, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება სამჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ რაოდენობას და გადააჭარბოს 186 ათასს.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს რიცხვი ეფუძნება კონსერვატიულ ანგარიშს: ერთ პირდაპირ სიკვდილზე მოდის ოთხი არაპირდაპირი - ასეთია წინა კონფლიქტების დროინდელი ტენდენცია.

გაეროს ადამიანის უფლებების სამმართველო და Yale School of Public Health-ის ჰუმანიტარული ლაბორატორია ასევე თვლიან, რომ რეალური რიცხვები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ოფიციალურად ცნობილი, მაგრამ კონკრეტული მონაცემები მათ არ გამოუქვეყნებიათ.

რამდენად სანდოა ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები?

საჯარო ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ექსპერტებმა Reuters-ს უთხრეს, რომ ომამდე ღაზის სექტორში ხდებოდა სანდო დემოგრაფიული აღნუსხვა და რომ ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა უკეთესი იყო, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში. კვლევა, რომელიც ჩაატარა ლონდონში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Airwars-მა, რომელმაც დაღუპულთა ზუსტი სიები შეადგინა ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, აჩვენა, რომ ომის პირველ კვირებში ათასობით დაღუპულის შესახებ მის და ღაზის სექტორის ხელისუფლების სიებს შორის კორელაცია შეადგენს არანაკლებ 75 %-ს.

ორგანიზაციის დირექტორი, ემილი ტრიპი აცხადებს, რომ მას მერე სიების სიზუსტე შემცირდა, მაგრამ „გვარების ძირითადი ჯამი კვლავ მაღალია“.

გაერო ხშირად ავრცელებს ღაზაში დაღუპულების რაოდენობას და წყაროდ მოჰყავს სექტორის ჯანდაცვის უწყება, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათ მთლიანად ენდობა.

კონფლიქტის დასაწყისში, მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეჭვქვეშ დააყენა მსხვერპლის რაოდენობის შესახებ მონაცემები, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ დროისთვის რეგისტრირებული 7028 დაღუპულის დეტალური სია.

24 ივლისს სამინისტრომ უკვე 28185 ამოცნობილი მსხვერპლის ახალი სია გამოაქვეყნა ივლისის ბოლოს მდგომარეობის შესახებ.

მაგრამ რჩება კონკრეტული საკითხი სიაში იმ 471 ადამიანის შეყვანის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ ქალაქ ღაზაში ალ-აჰლი ალ-არაბის საავადმყოფოში 17 ოქტომბრის აფეთქების შედეგად.

ღაზა, 1 აპრილი, 2024
ღაზა, 1 აპრილი, 2024

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რომელიც არ იყო გასაიდუმლოებული, საავადმყოფოს აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-დან 300-მდე იყო.

აკონტროლებს თუ არა ჰამასი რიცხვებს?

მართალია, ღაზას ჰამასი აკონტროლებს 2007 წლიდან, რეგიონის ჯანდაცვის უწყება ექვემდებარება პალესტინელთა ავტონომიის საერთო სამინისტროს რამალაში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

2007 წლიდან ღაზის მთავრობა, რომელსაც ჰამასი მართავს, ხელფასს უხდის სახელმწიფო სამსახურის მოხელეებს, მათ შორის ჯანდაცვის უწყებას.

პალესტინელთა ადმინისტრაცია კვლავ უხდის ხელფასს მათ, ვინც ადრე დაიქირავა.

ძნელია ახლა ღაზის სექტორზე ჰამასის კონტროლის ხარისხის შეფასება, რადგან ისრაელის ჯარმა დაიკავა ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის საავადმყოფოები, რომლებიც იძლევიან დაღუპულების რაოდენობის შესახებ ცნობებს.

რას ამბობს ისრაელი?

ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები საეჭვოა, რადგან ღაზას ჰამასი აკონტროლებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ორენ მამორშტაინმა განაცხადა, რომ რიცხვები მანიპულირებულია და „არ ასახავს რეალობას ადგილზე“.

თუმცა, ისრაელის სამხედროები თავიანთ ბრიფინგებზე აღიარებენ, რომ ღაზაში მსხვერპლის საერთო რაოდენობა მთლიანობაში სანდოა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაისში განაცხადა, რომ ომის დროს დაიღუპა ჰამასის 14 ათასი მეომარი და 16 ათასი პალესტინელი სამოქალაქო პირი.

რამდენი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული?

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების რიცხვებში არ არის ერთმანეთისგან გამოყოფილი სამოქალაქო პირებისა და ჰამასის იმ მეომრების რაოდენობა, რომლებსაც ოფიციალური სამხედრო ფორმა არ ეცვათ და არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი.

ისრაელი სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს დაღუპული ჰამასის მეომრების შესახებ. ნეთანიაჰუს მიერ გამოცხადებული ბოლო რიცხვი 14 ათასი იყო.

ისრაელის უშიშროების სამსახურების თანამშრომელთა მონაცემებით ეს რაოდენობა გამოჰყავთ ბრძოლის ველზე გვამების რიცხვის, ასევე ჰამასის წევრების მოსმენილი სატელეფონო თუ სხვა საუბრების, ასევე განადგურებული სამიზნეების შესახებ სადაზვერვო მონაცემების შეჯერებით.

ჰამასმა თავისი დაღუპული მებრძოლების შესახებ ისრაელის მიერ დასახელებული რიცხვი გადაჭარბებულად შეაფასა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამდენი მებრძოლი დაკარგა.

Airwars-ის ანალიზის მიხედვით, ჯანდაცვის უწყების დაღუპულთა სიებში „რამდენიმე მეომრის გვარიც შეიტანეს“.

პალესტინის ჯანდაცვის უწყება ამტკიცებს, რომ დაღუპულთა 70% ქალები და ბავშვები არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG