Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა პოლტავასა და ლვოვზე განხორციელებული თავდასხმის სამიზნეები


სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა პოლტავაში კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დაბომბილი შენობის წინ 3 სექტემბერი 2024 წელი
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა პოლტავაში კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დაბომბილი შენობის წინ 3 სექტემბერი 2024 წელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 4 სექტემბრის ანგარიშს აქვეყნებს, უწყების შეტყობინებაში ნახსენებია 3 სექტემბერს პოლტავაში განხორციელებული თავდასხმა, უკრაინული მხარის ინფორმაციით კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტის ერთი შენობის დაბომბვისას, უკანასკნელი ცნობებით 51 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა "მაღალი სიზუსტით დაარტყეს" უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივ სასწავლო ცენტრს ქალაქ პოლტავაში. სადაც მათი მტკიცებით, უცხოელი ინსტრუქტორები კავშირგაბმულობისა და რადიოელექტონული საშუალების უკრაინელ სამხედრო სპეციალისტებს და რუსეთის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის დრონების ოპერატორებს ამზადებდნენ.

შეტყობინებაში დაზუსტებული არაა, რა ტიპის იარაღი გამოიყენა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე უკრაინელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ, წინასწარი შეფასებით, გამოყენებული იყო აერობალისტიკური რაკეტები „Искандер-М“.

რაც შეეხება ლვოვის დაბომბვას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში წერია, რომ თავდასხმა მიმართული იყო სამხედრო-სამრეწვეო კომპლექსზე.

ლვოვის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დღეს დილით (4 სექტემბერს), რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჯგუფური დარტყმა განახორციელეს ქალაქ ლვოვში მდებარე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო აღჭურვილობისა და სარაკეტო იარაღის ელექტრონული კომპონენტების წარმოება და შეკეთება მიმდინარეობს. უწყების ცნობით თავდასხმისას გამოიყენეს შორ მანძილზე მოქმედი ჰიპერბგერითი აერობალისტური კომპლექსები „კინჟალი“ და უპილოტო საფრენი აპარატები. „მიზნები მიღწეულია“.

ლვოვის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტში რკინიგზის სადგურის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელი სახლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG