Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: თავდასხმის რისკის ქვეშ არიან „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომების შესახებ. პრემიერმა განმარტა, ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებებზე, მხარდამჭერებს რატომ მიმართავს მინის ბარიერიდან. კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა „ევროკომისრისგან მოსმენილი მუქარა“.

„ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის რისკებზეც ლაპარაკობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“, - თქვა კობახიძემ.

პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, იყოს ფხიზლად და „რადიკალური ოპოზიციის“ ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს.

კობახიძის განცხადების საპასუხოდ 4 სექტემბერს ბრიფინგის გამართვას გეგმავს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG