Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-2 მოსმენით განიხილა


საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა. 3 სექტემბერი, 2024 წელი.
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა. 3 სექტემბერი, 2024 წელი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო (საშემოდგომო) სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, მუხლობრივად, განიხილეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.

ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). 7000-მდე პრობაციონერს კი ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება.

კანონპროექტის მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე განმარტა, რომ თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.

კანონპროექტში შესატანი ცვლილების მიხედვით, როგორც გორდულაძემ თქვა, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მომხსენებელმა დააზუსტა, რომ რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.

განხილვაზე ყველაზე მეტად აქტიურობდნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები, რომლის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით პროექტის მე-7 მუხლის გამო გააკრიტიკა. მასში ჩამოთვლილია მუხლები, რომლებზეც ამნისტია არ ვრცელდება.

„თქვენ პატიმრების ხმებს არ იმსახურებთ, რადგან ამნისტიაში მე-7 მუხლი ჩაწერეთ... დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში ერთ მეექვსედით შემცირებას რატომ არ იმსახურებს ეს ადამიანები?“ - მიმართა ხვიჩიამ არჩილ გორდულაძეს.

„ჩვენ ხმებისთვის არ ვაკეთებთ ამ ამნისტიას, ჩვენთვის მთავარი არის, მივიღოთ ისეთი ჰუმანური აქტი, რომელიც დაბალანსებულია“, - უპასუხა გორდულაძემ.

ცნობილია, რომ ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

იაგო ხვიჩია უკმაყოფილოა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი არც ერთი წინადადება არ გაიზიარა. „შეუძლებელია ასეთი დიდი ამნისტიის პროექტი ისე დაწერო და წარმოადგინო პარლამენტში, რომ მასში არცერთი შენიშვნა არ იყოს გასათვალისწინებელი, - თქვა მან და დაამატა, - ადამიანებს მინდა ავუხსნა, რა ცუდია ერთპიროვნული მმართველობა... საკონსტიტუციო უმრავლესობას რომ ითხოვთ, ეს ხომ აბსურდია, მაგრამ ცუდია ისიც რომ უბრალო უმრავლესობა გაქვთ“.

ოპოზიციის დიდ ნაწილი სხდომას არ ესწრებოდა, მათ პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - თარიღი გადაწიოს 1 ივლისის შემდეგ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე შემდეგი მიზეზი დაასახელა: „[„ოცნება“ ცდილობს“] ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია ერთხელ უკვე გამართლდა - „ოცნებამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეთანხმებით, საკუთარი მოქალაქეების ცემის სანაცვლოდ ზონდერებს დაუსჯელობის პირობა წინასწარ მისცა და ამნისტიას დაჰპირდა. გარიგების მონაწილეებმა პირობა შეასრულეს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობებზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო არაუფლებამოსილი უწყების - შსს-ს მიერ ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს „ოცნებამ“ ამნისტია შეახო“.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მოსმენით კენჭისყრა 4 სექტემბერს იგეგმება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG