იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაასახელა იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რაოდენობა, რომლებმაც 2 სექტემბერს, 18:00 საათამდე თავად მიმართეს იუსტიციის სახლს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირების მიზნით.
ტყეშელაშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციის სურვილი 469 ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა საბოლოო მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
„ამ წუთის [18:09] მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვს შესაბამისი განცხადებით 469 ა(ა)იპ-ს, ამასთან ამ წუთსაც კი იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიგი, ჩვენ დღის ბოლოს საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით, შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის, - თქვა თამარ ტყეშელაშვილმა და დაამატა, - რაც შეეხება კითხვას, რა საქმიანობის საგანი აქვთ ამ ორგანიზაციებს, საიდან ფინანსდებიან ისინი, ჩვენ კანონმდებლობით არ გვაქვს უფლება გავასაჯაროოთ ინფორმაცია, ვიდრე ისინი არ იქნებიან რეგისტრირებულები ამ რეესტრში. ერთია მომართვა და მეორეა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა, რომ გადავამოწმოთ, ხომ ნამდვილად სწორია ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს შესაბამის განაცხადში ან დეკლარაციაში... ხვალ, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იქნება არა ნებაყოფლობით მომართვა, უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ“.
30 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ იმ დროისთვის რეესტრში დარეგისტრირების მიზნით განცხადება 233-მა ორგანიზაციას ჰქონდა წარდგენილი; ხოლო იმავე საღამოსთვის ორგანიზაციათა რიცხვი 322-მდე ავიდა.
ტყეშელაშვილმა თქვა, რომ საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე ა(ა)იპ არის დარეგისტრირებული, ხოლო მათგან 1200-მდე სახელმწიფოს დაფუძნებულია, - რაც ნიშნავს, რომ მათ რეგისტრაცია არ ევალებათ.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საზოგადოებაში შეცდომაში შემყვანი უწოდა ცნობას, რომლის თანახმად, 30 აგვისტოს, დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირების სურვილი ორგანიზაციათა დაახლოებით 1%-მა გამოთქვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 233 არის 30 000-ის 0.77%.
საპასუხოდ, ტყეშელაშვილმა იმ ორგანიზაციათა რაოდენობა (122) დაასახელა, რომლებმაც „აგენტების კანონის“ კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.
„მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები [122 ორგანიზაცია], ამაზე შევწყვიტოთ მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი და გადავიდეთ სამართლებრივ არგუმენტებზე“, - აღნიშნა მან.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად, ორგანიზაციების ნების საწინააღმდეგოდ, დაარეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
31 აგვისტოს დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა, სადაც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ. სამდღიანი დებატებისა და კითხვების შემდეგ, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.
სასამართლომ - მოსამართლეთა პლენუმმა - ახლა ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს:
- დაიწყებს თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას;
- თუ განხილვას დაიწყებს, დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის, ან რა ვადაში იქნება გადაწყვეტილებები.
ფორუმი