მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი სერგეი ბაგაევი. 2022 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით. „მოგვიანებით საქმე დაიხურა ისე, რომ გამოძიებას მეცნიერისთვის ბოდიში არ მოუხდია, როგორც ამას კანონი მოითხოვს“, - იუწყება რადიო თავისუფლების პროექტი Sibir.Realii.
82 წლის ბაგაევი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაფუძნებულ ინსტიტუტს. მეცნიერი ეწეოდა ფუნდამენტურ კვლევებს კვანტური ელექტრონიკისა და ლაზერული ფიზიკის დარგში, მათ შორის ზემაღალი გარჩევადობის ლაზერული სპექტროსკოპიის, ოპტიკური სიხშირისა და დროის სტანდარტების სფეროში, ექსტრემალური ინტენსივობის სტაბილური ულტრამოკლე ლაზერული იმპულსების გენერირებაში.
2022 წელს აკადემიკოს ბაგაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საეჭვოდ მიიჩნიეს 2 მილიონი რუბლის (დაახლოებით 22 ათასი აშშ დოლარი) ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ინსტიტუტმა 2017 წელს გააფორმა თავის შვილობილ კომპანიასთან, დარგთაშორის სამეცნიერო-ტექნიკურ ასოციაცია „ციმბირის ლაზერულ ცენტრთან“.
კონტრაქტი ეხებოდა ლაზერის ოპტიკური სისტემის შემუშავებასა და აწყობას. 2023 წელს ბაგაევის წინააღმდეგ საქმე გამოძიების ეტაპზე დაიხურა, დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო.
გამოძიება ვარაუდობდა, რომ ხელშეკრულება ფიქციური იყო, ვინაიდან მის ფარგლებში ყველა სამუშაოს ახორციელებდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები, ინსტიტუტის შენობისა და ინსტიტუტის მოწყობილობებით. ამ ეპიზოდის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსეი ტაიჩენაჩოვის წინააღმდეგაც, რომელიც ეჭვმიტანილია „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“. გამოძიების თქმით, ინსტიტუტის დირექტორის განკარგულებით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც სერგეი ბაგაევთან პირველი ფორმის დაშვების სახელმწიფო საიდუმლოებაზე მუშაობდნენ, ხელფასები 75%-ით გაეზარდათ. 2021 წლის 15 ოქტომბერს ამ საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტში.
აკადემიკოს ბაგაევის წინააღმდეგ აღძრული საქმე გამოძიების ეტაპზე დაიხურა 2023 წელს, დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო. ადვოკატ გენადი შიშებაროვის თქმით, ბაგაევს ჰქონდა რეაბილიტაციის უფლება, თუმცა გამოძიებისგან ბოდიშის მოხდას ვერ ეღირსა.
„პროკურორმა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და რუსეთის გენერალური პროკურატურის 2013 წლის მითითების დარღვევით, ბოდიში არ მოიხადა“, - განაცხადა ადვოკატმა ბაგაევის გარდაცვალების შემდეგ.
1992 წლიდან 2016 წლამდე სერგეი ბაგაევი მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 2016 წლიდან - ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელად. მეცნიერი დაკრძალეს 26 აგვისტოს ქალაქ ნოვოსიბირსკში.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თავმჯდომარის, ვლადიმირ პარმონის თქმით, 2018-2023 წლებში რუსეთმა 50 ათასამდე მეცნიერ-თანამშრომელი დაკარგა.
„არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუკარგავს სამეცნიერო სფეროში მომუშავე ამდენი ადამიანი“, - ციტირებს "ინტერფაქსი" პარმონის სიტყვებს, - ახლა, როცა ყველა ამბობს, რომ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი და მომავალი დამოკიდებულია მაღალ ტექნოლოგიებზე, რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ, დაკარგა ისინი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა აკადემიკოსმა 2023 წლის მაისში.
ვალენტინ პარმონის თქმით, ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნების დონემდე მისასვლელად და მეცნიერებაში ქმედუნარიანი ადამიანების მოსაზიდად აუცილებელია სათანადო პირობების შექმნა და კვლევის დაფინანსების მრავალჯერადი გაზრდა.
მას არაფერი უთქვამს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეცნიერების რუსეთიდან მასობრივ გასვლაზე.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ასიათასობით რუსმა დატოვა რუსეთი. არაკომერციული ორგანიზაცია „OK Russians-ის" შეფასებით, 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციამდე რუსეთი დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა დატოვა. დამოუკიდებელი დემოგრაფის, ალექსეი რაკშას თქმით, სავარაუდოდ, ამდენმა ადამიანმა დატოვა რუსეთი ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ.
სოციოლოგი მარგარიტა ზავადსკაია, რომელმაც მიგრანტები OK Russians-თან ერთად შეისწავლა, მიიჩნევს, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლების წილი იმათ შორის, ვინც რუსეთი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დატოვა, დაახლოებით 12%-ია.
ფორუმი