Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ღალატში ეჭვმიტანილია კიდევ ერთი ნოვოსიბირსკელი მეცნიერი


თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტი
თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტი

სახელმწიფო ღალატის საქმეში ეჭვმიტანილია კიდევ ერთი რუსი მეცნიერი, ვალერი ზვეგინცევი, რომელიც პორტალ „ნგს-ს" ცნობით, 7 აპრილს დააკავეს. ზვეგინცევი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის "მაღალსიჩქარიანი აეროგაზოდინამიკის" დამფუძნებელია.

როგორც მისი კოლეგების მიმართვიდან ირკვევა, ბოლო წელს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ზვეგინცევის გარდა, კიდევ ორი „აეროდინამიკოსი“ მეცნიერი: ანატოლი მასლოვი და ალექსანდრ შიპლიუკი დააკავეს.

ისინი მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ერთი დღით ადრე, 76 წლის მასლოვის საქმე განსახილველად პეტერბურგის სასამართლოს გადაეცა.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამომძიებლების ქმედებების ფონზე, ინსტიტუტში უკვე დაიხურა ახალი ტექნიკის შესაქმნელად საჭირო კვლევის კრიტიკული სფეროები, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ ასეთ კვლევაში მონაწილეობა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი ვითარება კატასტროფით ემუქრება შიდა აეროდინამიკის მიმართულებას.

2022 წლის ივნისის ბოლოს უშიშროების აგენტებმა ღალატის ბრალდებით ნოვოსიბირსკელი ფიზიკოსი დიმიტრი კოლკერი დააპატიმრეს. მეცნიერი დაკითხვაზე საავადმყოფოდან პანკრეასის კიბოს მეოთხე სტადიით გადაიყვანეს. დაპატიმრებიდან სამი დღის შემდეგ კოლკერის ნათესავებმა მიიღეს დეპეშა მისი გარდაცვალების შესახებ.

2023 წლის დასაწყისიდან რუსეთში სულ მცირე 21 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა ღალატის მუხლით. ეს ხუთჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. მთელი 2022 წლის განმავლობაში რუსეთში ღალატის 22 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ცოტა ხნის წინ რუსეთში გამკაცრდა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი და ახლა სასამართლოებს შეუძლიათ ღალატის ბრალდებით მსჯავრდადებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

XS
SM
MD
LG