ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დიდი ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ BBC იტყობინება ისრაელის თავდაცვის ძალების და ისრაელის საერთო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შემდეგ მინიმუმ 11 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ოპერაცია ჯენინში და ტულკარმში. BBC იტყობინება, რომ ქალაქები ნაბლუსი და ტუბასი ასევე არიან სამიზნეთა შორის.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარები შევიდნენ ჯენინის საავადმყოფოში და დაბლოკეს ორი საავადმყოფო ტულკარმში. ასევე ცნობილია, რომ ნაბლუსში ისრაელის სამხედრო რეიდები ორიენტირებულია ლტოლვილთა ორ ბანაკზე.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ბოლო განცხადების თანახმად, სამხედროებმა ამ დრომდე მოკლეს ჰამასის (აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) და „ისლამური ჯიჰადის“ ცხრა მებრძოლი, დააკავეს ძებნილი ეჭვმიტანილები და იპოვეს და ამოიღეს იარაღი. ასევე ცნობილია, რომ სამხედროებმა გზების ქვეშ ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანი დაადანაშაულა დასავლეთ ნაპირზე ახალი ფრონტის გახსნის მცდელობაში. მისი თქმით, ოპერაცია ჯენინსა და ტულკარმში მიზნად ისახავს „ირანულ-ისლამისტური ტერორის ინფრასტრუქტურის“ განადგურებას. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციას თან უნდა ახლდეს პალესტინელი მაცხოვრებლების დროებითი ევაკუაცია.
გასული წლის ოქტომბრიდან, ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელი ოპერაციას ახორციელებს ამ ჯგუფის წინააღმდეგ ღაზის სექტორში. ჰამასის სტრუქტურები ასევე იმყოფება დასავლეთ ნაპირზე, რომლის ნაწილს აკონტროლებს პალესტინის ავტონომია.
ფორუმი