ისრაელის თავდაცვის არმიამ სამშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში გაათავისუფლა ერთ-ერთი მძევალი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმისას გაიტაცა რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროპაში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად).
როგორც სამხედროები იტყობინებიან, მძევალი ღაზის სექტორის სამხრეთში ჰყავდათ მიწისქვეშა გვირაბში. იქ ის ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმმა აღმოაჩინა სამხედრო ოპერაციის დროს.
გათავისუფლებული მძევალი არის 52 წლის კაიდ ფარჰად ალ-კადი, ის არაბული ეროვნების ისრაელის მოქალაქეა. როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები აზუსტებენ, ის ბედუინების დასახლებაში ცხოვრობდა ისრაელის სამხრეთ ნაწილში. 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი დაესხა თავს ისრაელს, ის ერთ-ერთ კიბუცში მუშაობდა და თავდამსხმელებმა ის ძალით წაიყვანეს ღაზის სექტორში.
ისრაელის მედიის თანახმად, ალ-კადის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მიუხედავად ამისა, ის საავადმყოფოში წაიყვანეს გამოკვლევებისთვის. იქ მას ოჯახთან შეხვედრის საშუალება ექნება.
7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმისას მოკლულ იქნა 1200-ზე მეტი ადამიანი. ჯიჰადისტებმა 250-ზე მეტი ღაზაში წაიყვანეს მძევლებად.
105 მძევალი ნოემბერში გაათავისუფლეს საზავო შეთანხმების დროს. ისინი გაცვალეს პალესტინელ პატიმრებზე, რომლებიც ისრაელის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.
დღეისთვის ჰამასის ხელში რჩება 104 ისრაელელი მძევალი. მათგან 34 გარდაცვლილია. მათი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის არმია. ჰამასი დღემდე იტოვებს მათს ცხედრებს.
7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში სახმელეთო და საჰაერო იერიში დაიწყო. პალესტინელთა ოფიციალური წყაროების თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 40 ათასზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა - ქალები და ბავშვები.
ფორუმი